ბათუმის მე–14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ძნელაძე

вторник, 19 января 2016 г.

მასწავლებელი–მეგზური ევროპისკენ !

ევროპული ღირებულებანი ქართულ ლიტერატურაში

   ილიას  ფრთიანი ფრაზა,–„რანი ვყოფილვართ, რანი ვართ, რანი ვიქნებით!“–მარტოოდენ ისტორიის კვლევას არ ემსახურება. იგი გვავალებს, ვიცოდეთ, როგორი სახე გვაქვს ქართველებს, როგორია ჩვენი სულიერი სამყარო და ჩვენი ჯიში; რა ფერადოვნებას ვაძლევთ სამყაროს მოზაიკურ მშვენიერებას; რითი ვართ საინტერესონი სხვებისათვის; ვეკუთვნით თუ არა ჩვენი ეროვნული გონით მსოფლიოს და–პირუკუ. შეიძლება უხეში შედარება იყოს, მაგრამ  მასწავლებლობა ძალიან წააგავს მექოთნეთა ხელობას, რომლებიც თავიანთ ქოთანს საითკენაც უნდა, იქეთკენ მოარგებენ ყურს. როგორც და საითკენაც წარვმართავთ ჩვენი აღსაზრდელების მსოფლმხედველობას, იმდაგვარი შედეგი დაგვხვდება ბოლოს. რადგანაც იდეოლოგიის არც ერთ ფორმას, თვით მეცნიერებასაც კი, არა აქვს ისეთი ძლიერი ზემოქმედება ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, როგორც სიტყვიერ ხელოვნებას, ამიტომაც გავერთიანდით საქართველოს სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა სკოლის სიტყვიერების მასწავლებლები. ჩვენ  შედეგზე ორიენტირებული თაობა უნდა აღვზარდოთ. და რადგანაც ნებისმიერი ნაგებობის შენება ბალავრიდან იწყება, ევროპული ღირებულებების სწავლება–გათავისებას ქართველ მწერალთა კვალდაკვალ სწავლების პირველივე საფეხურიდანვე ვიწყებთ.

პროექტი განკუთვნილია დაწყებითი (მე–3), საბაზო (მე–9) და საშუალო (მე–10) საფეხურის მოსწავლეებისათვის. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს განუვითარდებათ 21–ე საუკუნის სკოლის უნარები: კვლევა–ძიება, კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური დასკვნების გამოტანა,  თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, ცოდნის ტრანსფერი. პროექტი ხელს შეუწყობს შემდეგი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების  განვითარებას: წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სწავლის სწავლა, სოციალური და სამოქალაქო. პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ, გაითავისონ ცნობილი ფრაზა: “ მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

Комментариев нет:

Отправить комментарий