ბათუმის მე–14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ძნელაძე

თავგანწირვა, მეგობრობა, სიყვარული "ვეფხისტყაოსანში"


      “ვეფხისტყაოსანი”, ჩვენი, ქართველების ყველაზე დიდი ღირებულებაა. ამ ღირებულებას კი განაპირობებს ის, რაც მასშია მოთხრობილი. ქართული გმირული სულისკვეთება, სიყვარული, თავგანწირვა, პატივისცემა, მეგობრობა. მე შევეცდები, აგიხსნათ, რატომ უწოდეს შოთა რუსთაველს „ერთიანი მსოფლიოს პირველი პოეტი“ და რატომ მგონია, რომ მე-12 საუკუნეში საქართველოს ჰქონდა ის ღირებულებები, რაც დღეს ევროპულ, მთავარ, ღირებულებებად ითვლება. ეს იმასაც უსვამს ხაზს, რომ მე-12 საუკუნის საქართველო ყველაზე კულტურული, განვითარებული და განსხვავებული ქვეყანა იყო.
      თავგანწირვა–ეს ჩვენ, ქართველებს, ვალდებულებად მიგვაჩნია.  ჩვენ  მისი სწავლება არ გვჭირდება ეს თანდაყოლილად გვაქვს. ავთანდილიც მიდის  იმისთვის, რომ თავი შესწიროს მეგობარს, რომლის ჭირიც  მისი ჭირია. ის ამისთვის ტოვებს მეფეს, ტოვებს საყვარელ ადამიანს, ტოვებს წუთისუფლის უხვ და ძვირ სიამოვნებებს და მიემართება იქით, საიდანაც არც იცის, დაბრუნდება თუ არა ცოცხალი. განა ეს არაა თავგანწირვა? მაგრამ სხვანაირად არ შეუძლია. იგი ასეთი ნატურაა თხემით ტერფამდე:
“მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრებ კიტრად, ბერად,
ვის სოფელი მოყმისათვის თამაშად და მიჩანს მზერად”
 მაშინ, როცა ტარიელი შეეცდება სამართალი აღუდგინოს და ღირსება დაუბრუნოს ფრიდონს, დაჩაგრულ მეფეს,  ის იწყებს ბრძოლას, საიდანაც არ იცის, გამარჯვებული დაბრუნდება თუ საერთოდ ვერ დაბრუნდება. ის თავს სწირავს ადამიანს (სხვა ადამიანს), რომელიც უცხოა მისთვის და ამ ყოველივეს სამართალისთვის აკეთებს,  უცხო ადამიანის სამართლისათვის. განა, ეს არაა თავგანწირვა?  თუნდაც ფატმან ხათუნის  მაგალითი: როცა ის შეიფარებს ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობს და მისი ტკივილი სტკივა. ის “სხვის“ სამეფოში ამ სამეფოს მბრძანებელთაგან იცავს მას! განა, ეს არაა თავგანწირვა? თუნდაც ომი ქაჯეთს, სადაც ტარიელის გამო იწყებენ ომს და ერთიანდებიან იმისთვის, რომ ამ მიჯნურთა ლხინიც იხილონ და ამისთვის სიცოცხლესაც კი არაფრად აგდებენ. მთავარია შედეგი: “ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა”. განა, ეს არაა თავგანწირვა, როცა ყველაფერი გაქვს, თუმცა რაღაც ერთისთვის, ყველაფერს დებ სასწორზე. სად გინახავთ სხვაგან, რომ მეფე ტოვებს თავის ტახტს,მხედართმთავარი–ჯარს და მზად არიან მისი დაკარგვისთვის, ოღონდაც მეგობარი იხილონ ბედნიერად.  განა, ეს არაა ის ევროპული ღირებულება, რომელიც  დღეს,  მთელ მსოფლიოში გმირობის ტოლფასია ?! ქართველებს უნიღბო გმირები გვყავდა.
        “ ვეფხისტყაოსანში” გვხვდება მეგობრობის უებრო მაგალითებ რომლებიც ნათლად გვიჩვენებენ, რამდენად დიდი როლი აკისრია ადამიანის ცხოვრებაში მეგობარს. რუსთაველი გვასწავლის, რომ მეგობარი “გზა და ხიდია”. იგი უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი. მისი ტკივილი ისე უნდა გტკიოდეს, როგორც– საკუთარი, მისი დამდაბლებული სული ისე უნდა გაწუხებდეს, როგორც შეგაწუხებდა შენი. დიახ, ამ ყოველივეს “ვეფხისტყაოსნის” გმირები გვასწავლიან.  მათთვის არ არსებობს ისეთი ლხინი, სადაც მისი მეგობარი უბედური იქნება:  „მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების“.  ისინი მაგალითი არიან ისეთი მეგობრობისა,  რომლის ნახვაც დღევანდელ მსოფლიოშიც ძალიან რთულია. თუნდაც ისაა ძალიან ძლიერი მაგალითი, რომ თუნდაც ფრიდონს, უდარდელ მეფეს, ტკივა ტარიელის გასაჭირი და სხვა სადარდებელიც არც აქვს ამის გარდა:  „ძმაო, დღეითაგან ცუდ, ჩემი ლხინი ყოველი“. აქ ვაჟკაცებიც კი ქვითინებენ  დედაკაცებივით, როცა თავიანთი მეგობრის ცუდს შეიტყობენ. თვითონ დედაკაცები იდგნენ მედგრად და იტანდნენ სიცივეს, ყინვას, შიმშილს, დამცირებას მეგობრისათვის. ამის ნათელი მაგალითია ასმათი. მე შემიძლია გითხრათ, რომ “ვეფხისტყაოსანში” ის მეგობრობაა აღწერილი, რომელზედაც ბერძნები მითებს თხზავდნენ, თუმცა რეალურად არ ენახათ მაგალითი ძლიერი მეგობრობისა. იმ ძლიერი მეგობრობისა, რომელიც გვახსენებს, რომ მეგობარი, ზეცით მოვლენილი ადამიანია, ხოლო მეგობრობის უნარი ნიჭი, რომელიც ყველას არ  აქვს. მე მინდა გაჩვენოთ სულიერი მეგობრობის გამოვლინებაც “ვეფხისტყაოსანში”. ტარიელისა და თინათინისა.  ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა თვლიდნენ, რომ ერთმანეთის ტკივილი გულით უნდა ეტარებინათ და სწყენოდათ, როგორც საკუთარი. „რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნების ?“– ეს თინათინის მიერ შეცოდებით და გოდებით  წარმოთქმული  სიტყვებია, რომელიც გვარწმუნებს მათ ძლიერ და შეურყეველ მეგობრობაში. მეგობრობაზე, რომელზედაც ვეფხისტყაოსანი მოგვითხრობს, ქვაზედ უფრო მტკიცე, შაქარზე უფრო ტკბილი და წყალზე უფრო წმინდაა. იგი აერთიანებს და აძლიერებს  ადამიანებს.
            და ბოლოს, სიყვარული. სიყვარული, რომლის გარეშეც “ვეფხისტყაოსანს” აზრი არ ექნებოდა. თვითონ წიგნიც ხომ სიყვარულით დაიწერა.  ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ‘ვეფხისტყაოსანს” ამხელა ხიბლს აძლევს. აქ ყველანაირ სიყვარულს გადააწყდებით: ღმერთის, ოჯახის, ხალხის, ქალის_ თითქმის ყველა იმ მიწიერ სიყვარულს, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე შექმნა და იმ ზეციურსაც, რომლის სწავლაც ასე რთულია და “ენა დაშვრების აღმაფრენითა”. აქ გვხვდება მამაშვილური სიყვარული, რომელიც მეფესა და გამზრდილს შორის იყო; სიყვარული, რომელსაც დრო აშორებს, მაგრამ ვერაფერს აკლებს; სიყვარული, რომელსაც ცოტა სიბრაზეც სდევს თან, თუმცა, ამავდროულად, დიდი ლოცვაც. აქ თითოეული ნაბიჯი ღმერთის სიყვარულით ხდება! სიყვარულით, რომელიც სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს აერთიანებს. “ვეფხისტყაოსანში” გვხვდება ის ლამაზი მეგობრული სიყვარული, რომელიც სიკვდილსაც კი აშოშმინებს. და ბოლოს, სიყვარული რომელიც ქალსა და მამაკაცს შორისაა, რომელიც ასე ალამაზებს და ანატიფებს პოემას. “სიყვარული აგვამაღლებს”–ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ!”–აქ სწორედ ის სიყვარულია ასახული, რომელზედაც შექსპირი საუბრობდა საუკუნეების შემდეგ.  ამ სიყვარულს ბედად რომ ხდომოდა ტრისტანისა და იზოლდას ბედი, მაინც არ უარყოფდნენ და არც  არაფერში გაცვლიდნენ.  აქ ის სიყვარულია ასახული, რომელსაც ვერც წლები გაცვეთს, ვერც დაამუნჯებს და ვერც გადააგვარებს. სიყვარული, რომელიც სულებს ამაღლებს და რომელიც ევროპული მენტალიტეტის ერთ–ერთი ქვაკუთხედია!
         და აი,  უამრავი მიზეზი, თუ რატომაა შოთა რუსთაველი „ერთიანი მსოფლიოს პირველი პოეტი“. ის დასაბამია იმ ყოველივესი, რაზეც საუკუნეების შემდეგ საუბრობდნენ  ევროპის ცნობილი მწერლები და პოეტები და რაც დღეს ევროპულ ღირებულებადაა მიჩნეული. მართალია, ბევრი რამ სასწავლი გვაქვს ევროპიდანაც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე-12 საუკუნის საქართველო ბევრად წინ უსწრებდა ევროპულ ღირებულებათა ჩამოყალიბებას თავად ევროპაში!



ბათუმის მე–14 საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლე

ქეთი ჯაფარიძე

5 комментариев: